
ქართული წიგნები
ორშაბათი იწყება შაბათს
ფანტასტი ძმების ვრცელი ბიბლიოგრაფიიდან საუკეთესოს შერჩევა გაძნელდება და, ალბათ, არც არის საჭირო - გემოვნებაზე, მოგეხსენებათ, არ დავობენ, მაგრამ "ორშაბათი იწყება შაბათს" ოთხ-ხუთ, განსაკუთრებით წარმატებულ, ნაწარმოებს შორისაა და ფანტასტიკის ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებს - ამას თავგადაკლული სკეპტიკოსებიც კი ვერ უარყოფენ. ძალიან კეთილი და სასაცილო ზღაპარი - ლეგენდარული ,,НИИЧАВО"-ს - ჯადოქრობისა და მისნობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ზღაპრული ყოველდღიურობა, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გმირები, ფეიერვერკული იუმორი, დინამიკური სიუჟეტი, გასული საუკუნის სამოციანი წლების შუაგულში დაწერილი ვრცელი მოთხრობა ერთი ამოსუნთქვით იკითხება და არც იმდროინდელ სოციალურ სატირას დაუკარგავს სიმწვავე - დღესაც აქტუალურია. ორიგინალი კარგად მიგნებული, მახვილგონივრული ალუზიებითა და კალამბურებითაა დახუნძლული.