არამხატვრული ლიტერატურა
Power and Identity in the Post-Soviet Realm
საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის ორპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის დასრულების შემდეგ, რუსეთის პერიფერიაზე მდებარე საბჭოთა მემკვიდრე სახელმწიფოები გეოპოლიტიკურ ვაკუუმში აღმოჩნდნენ და 1990-იანი წლების განმავლობაში თანდათანობით სპეციფიკურ ბუფერულ ზონად ჩამოყალიბდნენ. პოსტსაბჭოთა სივრცის სწორედ ამ რეგიონებზე ფოკუსირებით, ეს კრებული იკვლევს, თუ როგორ შეეჩეხნენ ისინი მრავალგანზომილებიან გამოწვევებს გეოპოლიტიკური ინტერესებისა და მსოფლიო ეკონომიკაში საკუთარი ადგილის ძიების პროცესში. პირველი ნაწილი განიხილავს ეროვნული იდენტობის ფორმირების ფუნდამენტურ ელემენტებს წარსულისა და აწმყოს გეოპოლიტიკური ვითარების შუქზე. ეს მოიცავს სახელმწიფოებრიობის შედარებითი სიძლიერისა და ცვალებადი დინამიკის, იმპერიული ნაციონალიზმის გავლენისა და ადრეული მოდერნული პერიოდიდან მოყოლებული ენობრივი პრაქტიკის ცვლილებების შესწავლას. მეორე ნაწილი იკვლევს იმ მცირე ერების იდენტობის (ტრანს)ფორმაციას, რომლებიც მეფის რუსეთის გეოპოლიტიკური ექსპანსიის წინა ხაზზე ცხოვრობდნენ, კერძოდ — ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და სამხრეთ სტეპებში. დასასრულს, მესამე ნაწილში, ავტორები მსჯელობენ იმ ჯგუფების ბედზე, რომელთა დასახლების არეალიც საბჭოთა კავშირის გარე საზღვრებმა გაყო, რამაც გამოიწვია საზღვრის ორსავე მხარეს მყოფი, სხვა მხრივ კულტურულად მსგავსი თემების განვითარების განსხვავებული ტრაექტორიები. ამ იმპერიულ პერიფერიებში საბჭოთა ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სპეციფიკურ საბჭოთა ეროვნულ იდენტობებს ისეთ ჯგუფებში, როგორებიც არიან აზერბაიჯანელები, ტაჯიკები, კარელები, მოლდოველები და სხვები. წიგნი მოიცავს 30-ზე მეტ, უმეტესად ორიგინალურ რუკას, გრაფიკსა და ცხრილს და იგი დიდ სამსახურს გაუწევს არა მხოლოდ სოციალურ გეოგრაფებს (განსაკუთრებით პოლიტიკურ და კულტურულ გეოგრაფიაში) და ისტორიკოსებს, არამედ მათაც, ვინც დაინტერესებულია სოციალური მეცნიერებების თანამედროვე საკითხებით.







