ქართული მხატვრული ლიტერატურა
ემიგრანტები
გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ. „შესაძლებელია თუ არა, ჩვენს დროშიც შეიქმნას დიდი ლიტერატურა“? - ეს კითხვა სიუზენ ზონტაგმა დასვა თავის ესეში და იქვე დასძინა, რომ პასუხად ვ. გ. ზებალდის შემოქმედება გამოდგებოდა. დღეს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის მწერლად აღიარებულ ვინფრიდ გეორგ ზებალდს აკადემიური წრის იქით კარგა ხანს არავინ იცნობდა. ზებალდმა ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა, სადაც გერმანულ ლიტერატურას ასწავლიდა უნივერსიტეტში. იგი ორმოცს გადაცილებული იყო, როცა მისი წიგნები გამოქვეყნდა და ავტორს თანამედროვეობის გამორჩეული პროზაიკოსის სახელი დაუმკვიდრა. სამწუხაროდ, ზებალდის სამწერლო მოღვაწეობა ხანმოკლე გამოდგა - 2001 წელს 57 წლის მწერალი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ემიგრანტები“ ოთხი ნაწილისგან შედგება და ოთხი ადამიანის ამბავს მოგვითხრობს, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზით დატოვეს სამშობლო. ზებალდის სხვა წიგნების მსგავსად, „ემიგრანტებსაც“ შავ-თეთრი ფოტოები ახლავს, რომლებსაც ავტორი ტექსტის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა.